Accessibility links

ევროპარლამენტი დღეს განიხილავს სავიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმს


ევროპარლამენტი სტრასბურგში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს ლიბერალური სავიზო რეჟიმის შეჩერების განახლებულ მექანიზმს, რომლის ამოქმედება აუცილებელი წინაპირობაა შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლისთვის. შეჩერების მექანიზმის განახლებულ ვარიანტზე 7 დეკემბერს, ბრიუსელში შეთანხმდნენ, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი, 8 დეკემბერს კი მას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა. შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმების შემდეგ, 13 დეკემბერს გაიმართა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც მხარი დაუჭირეს უვიზო მიმოსვლის რეგულაციაში საქართველოსთან დაკავშირებული ცვლილების შეტანას. შემდგომი პროცედურის თანახმად, შეცვლილ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტი. ამის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე და საბოლოოდ, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმის განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. „იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG