Accessibility links

დიმიტრი უჩანეიშვილი - ეკლესია, ნორმა, მიზანი


ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

ალბათ სადაო არ არის, რომ ადამიანის უმთავრეს კითხვას ცხოვრების საზრისი წარმოადგენს. რისთვის ვცხოვრობთ? რატომ დავიბადეთ? თუ დავიბადეთ, რატომ ვკვდებით? და თუ ვკვდებით, რატომ დავიბადეთ? განსაკუთრებული სიმძაფრით ეგზისტენციალური კითხვები მე-20 საუკუნეში დაისვა. პასუხი არ იყო იმედისმომცემი. მე-20 საუკუნემ ადამიანს უთხრა, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს. საუბარია გაბატონებულ ეგზისტენციალურ მიმართულებაზე, რომლისთვის ღმერთი არ არსებობდა. ასეთმა შეხედულებამ ადვილად მოიკიდა ფეხი. საპირწონედ რელიგიური შეხედულებები დადეს.

ერთი შეხედვით, რელიგიას უნდა ჰქონდეს ამ ფუნდამენტურ კითხვაზე მკაფიო და ნათელი პასუხი, თუმცა ღვთისმეტყველთა განმარტებები ბუნდოვანი და ორაზროვანია. ალბათ უმჯობესია თავად შევუდგეთ საკითხში გარკვევას.

ღმერთი (იგულისხმება ბიბლიური ღმერთი) ქმნის ადამიანს, ქმნის ისე, რომ მისგან ნებართვას არ იღებს, არც თვლის ამას საჭიროდ. ვინ არის ადამიანი ღმერთის შეხედულებით? არარა, მას არაფერს ეკითხებიან, ქმნიან, შემდეგ კი აკრძალვებისა და წყევლის ობიექტად აქცევენ. ღმერთს იგი არც შეუქმნია რაიმე აზრით, მან ის მხოლოდ შექმნა, პრინციპით „მოდი ვნახოთ, რა გამოვა“. ის გაერთო. ალბათ. ამიტომაც არ აყალიბებს სადმე მისთვის ცხოვრების საზრისს, მთავარს, რის შესაბამისად ცხოვრებაა შესაძლებელი. არარას არაფერს ანიჭებენ. ადამიანი არის არარა და, შესაბამისად, მას ვერ ექნება ცხოვრების აზრი. ღმერთი ამის შესახებ არც ზრუნავს. ასეთია ბიბლიური ღმერთის შეხედულება.

ეს დოქტრინა ქაღალდზე არსებობდა და ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, კვლავ ქაღალდზე რომ დარჩენილიყო, მაგრამ ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ მოძღვრების ცხოვრებაში დამკვიდრებას დიდი ძალისხმევა შეალია და ეს ყოველივე ცხოვრების ნაწილი გახდა. ღმერთისმიერი უმიზნობა ღმერთთან ერთად გადავიდა ცხოვრებაში.

ღმერთის ქრისტიანულ გაგებას ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის ჩამოყალიბება მოყვა. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ საკითხის განმარტება. თუ ეკლესიის ისტორიას გავადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთ ეპოქაში ეკლესიას არ ჩამოუყალიბებია ადამიანისთვის ცხოვრების საზრისი, გარდა ღმერთთან გადამისამართებისა, მაგრამ თუ ღმერთი ის არის, ვინც ბიბლიის მიხედვით შექმნა სამყარო, მან არაფერი იცის ამის. „სიყვარული ღმერთში“, „ღმერთთან მისვლა“, „სამოთხის მოპოვება“ და სხვა, როგორც ქვემოთ ვიხილავთ, მხოლოდ სიტყვათშეთანხმებები, მხოლოდ ლოზუნგებია, მათ რეალური ღირებულება არ გააჩნიათ.

როგორც ინსტიტუტმა, რომელმაც ადამიანთა დიდი რაოდენობის მართვა იკისრა, ეკლესიამ ზნეობრივი ნორმები ანუ კანონები ჩამოაყალიბა. „არა კაც კლა...“ მაგრამ ეს ნორმები ცხოვრების მიზნად არ გამოდგება, ისინი შიშველი კანონებია და, უკეთეს შემთხვევაში, ისინი შესაძლოა მხოლოდ ცხოვრების საშუალება იყოს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანს მოუწოდო: „ირბინე!“ ვფიქრობ, ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ასეთი მოწოდება მორბენალთა რაოდენობას ვერ გაზრდის. ან მოუწოდეთ მუდმივ პატიმრობამისჯილ ადამიანს უცხო ენის სწავლა. რაოდენ დიდი ავტორიტეტიც არ უნდა აკეთებდეს ამას, პოტენციური ოთხი კედელი სრულად მოსპობს რაიმეს კეთების სურვილს ან მოთხოვნილებას. რატომ? მას არ ეცოდინება, რისთვის ისწავლოს უცხო ენა. „არა კაც კლა“ არის უმიზნო, მიზანგარეშე მოწოდება, ეს არის მხოლოდ „არა კაც კლა“. რისთვის არ კლა, ამას არავინ ამბობს. ეს ისეთივე კანონია, როგორც „მოკალი“ იქნებოდა. მან ვერ აღკვეთა სიკვდილი, რითიც გამოჩნდა კიდეც უმიზნო კანონის სრული არაეფექტურობა რეალური სასჯელის არარსებობის პირობებში. ამიტომ ის მოწოდებად დარჩა. ასევე, ვერც უმიზნო „მოკალი“ გამოიწვევდა ადამიანთა მოდგმის გადაშენებას, ისევე, როგორც ლოზუნგმა „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ ვერ გააერთიანა პროლეტარები, თუმცა მათი მიზანი მეტად მიწიერი და მატერიალური, ხელშესახები იყო. მეორეს მხრივ, მიზნობრივი „მოკალი“ მუშაობდა. აქ ალბათ, პირველ რიგში, გერმანელი ნაცისტები უნდა გავიხსენოთ.

იმავდროულად, „არა კაც კლას“ სახელმწიფოც ქადაგებს და მის განხორციელებაში უფრო ეფექტურია, რადგან მკვლელობა ისჯება (არც ის აყალიბებს მიზანს, მაგრამ შემოაქვს რეალური სასჯელი). ვინაიდან მიზნის უქონლობის გამოისობით ნორმები ანუ კანონები არ მუშაობდა, ეკლესიასაც მოუწია სასჯელის შემოტანა ჯოჯოხეთის სახით, მაგრამ ეს იყო დროსა და სივრცეში დაშორებული და არადამაჯერებელი სასჯელი. შესაძლოა ჯოჯოხეთით დაშინება ოდესღაც მართლაც ეფექტური იყო უკიდურესად დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში, რადგან ვერავინ იხილა ვერც დასჯის პროცესი და ვერც დასჯილი.

ზოგადად, წესი (გნებავთ, კანონი ან ნორმა) მუშაობს, თუ მიზანი გაქვს; მუშაობს მაშინაც, თუ მიზანი არ გაქვს, მაგრამ სასჯელია რეალური. მოვაშოროთ სახელმწიფო კანონები და ვნახავთ, რომ ეკლესიის ზნეობრივი ნორმები არ იმუშავებს. (არავინ იფიქროს, თითქოს ამ სტრიქონების ავტორი ეტატიზმის მქადაგებელი იყოს. სახელმწიფო არანაკლებ ანტაგონისტურად არის განწყობილი ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია).

ეკლესიას რომ მიზანი ჩამოეყალიბებინა ადამიანისთვის, სასჯელი აღარ დასჭირდებოდა, რადგან მე მოგეცი შენ მიზანი, ხოლო თუ შენ უარს იტყვი მასზე, შენ კარგავ. ჯოჯოხეთი ნიშნავს, რომ მე გაძლევ მიზანს ჩემთვის და თუ შენ არ აირჩევ, მე ვკარგავ. ამიტომ გსჯი. ეკლესიას არაფერი აინტერესებს ადამიანისა. სამწუხაროდ.

ადამიანს ღმერთთან ჰქონდა ერთადერთი კითხვა: რისთვის ვცხოვრობ? გულწრფელ, რელიგიურ ადამიანს, ვისაც სწამდა, რომ ღმერთის მიერ იყო შექმნილი, ეს კითხვა ჰქონდა. ღმერთისგან პასუხი ვერ მიიღო, თუმცა ამას არ გამოუწვევია მისი რწმენის აღკვეთა. ხოლო რადგან ღმერთთან კავშირს ვერ დაამყარებდა, იმ ინსტიტუტს მიმართა, ვინც ისე წარმოდგებოდა, როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი, მედიატორი. ამის პასუხად ეკლესიამ იმის რეანიმირება მოახდინა, რაც სახარებებში გაკვრით იყო ნახსენები, მცირედ შეუცვალა სახე და ჯოჯოხეთის კვალდაკვალ მარადი ნეტარება ანუ სამოთხე მივიღეთ - დისტანციური, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ილუზია. მიზნის ნაცვლად ილუზია. ეს იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი, სადემარკაციო ხაზი, გავლებული ეკლესიასა და ადამიანს შორის, რომელსაც ვერანაირი სქიზმი ვერ შეედრება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მარადი ნეტარების სტაფილოს საუკუნეების განმავლობისას ხრავდა ადამიანი. ის ბედნიერი იყო, ბედნიერი იყო ეკლესიაც. მაგრამ დრო იცვლებოდა.

კანონს („არა კაც კლა“) დაერთო მიზანი („სამოთხე“), მაგრამ მეტად მომზადებული ადამიანი მიხვდა იმას, რომ მიზანი ყალბი იყო. ამას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, პირველ რიგში კი იმან, რომსაუკუნეთა განმავლობაში ვერავინ ვნახეთ სამოთხე- ან ჯოჯოხეთგამოვლილი და ვერც ჩვენ ვიხილეთ რომელიმე. ადამიანის მიზანი იყო ყალბი, თორემ ეკლესიას იგი გააჩნდა. ეკლესიას სჭირდებოდა ადამიანი, მაგრამ მისი მხოლოდ არსებობა. ადამიანის პრობლემა და თავსატეხი ეკლესიას არ აინტერესებდა. მას ჩვენი რაოდენობა აინტერესებს, ჯამური რიცხვი. შენ უნდა იყო, ამბობს ეკლესია. სხვაგვარად ჩემი ძალაუფლება ვერ გავრცელდება. შენ უნდა იყო ქრისიტიანი. ეს მეორე მოთხოვნაა. თუ ქრისტიანი არ იქნები, ასევე ვერ გავრცელდება ჩემი ძალაუფლება. აკეთე რაც გინდა, ამბობს ეკლესია, მაგრამ უნდა იყო, და იყო ქრისტიანი. ამიტომაა, ორი რამ სძულს ეკლესიას ყველაზე მეტად - თვითმკვლელი და არაქრისტიანი. ორივე მისი მტერია - ერთი ყოფნას ეუბნება უარს, მეორე - რწმენას.

ადამიანის მიერ მიზნის კანონიერმა და საფუძვლიანმა მოთხოვნამ, ერთის მხრივ, და მიზნისა და სასჯელის ილუზორულობის გაცნობიერებამ, მეორეს მხრივ, ეკლესიას აქტიური ქმედებებისკენ უბიძგა. აქ უკვე ყველაფერი უკიდურესად ბანალურად იყო: ბუნებრივია, იყვნენ ადამიანები, ვინც უარს ამბობდა უმიზნო მორჩილებაზე (ზოგადად მორჩილებაზე რომ არაფერი ვთქვათ), და თან ჯოჯოხეთის საფრთხეს არ უშინდებოდა. შეიქმნა წინააღმდეგობა, რის ჩახშობასაც, როგორც ძალაუფლების მქონე და მისი შენარჩუნების მსურველი ყველა ერთეული (პიროვნება თუ ინსტიტუტი) ყველგან და ყოველთვის ძალის გამოყენებით ცდილობდა. ორიგინალურობით არც ეკლესია გამოირჩეოდა: ინკვიზიცია და აუტოდაფე, პაპის ბულები და index librorum prohibitorum ვგონებ საკმარისი მაგალითებია.

ეკლესიამ მიზანი ვერ ჩამოაყალიბა ადამიანისთვის, ხოლო არსებობა უბრძანა (არსებობა და მორჩილება აქ იდენტური ცნებებია). ნებისმიერი იმპერია გავიხსენოთ, რომელშიც უამრავი მონა არსებობდა. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ მონებს ინახავდნენ, მათ იმდენს აჭმევდნენ, რამდენიც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი. მისი სიცოცხლე ფასობდა. მონის ყოფნა საჭირო იყო. აუცილებელიც. მონის გარეშე არ არსებობს ბატონი. სწორედ მონად აქცია ეკლესიამ ადამიანი, მან იგი ნაგავსაყრელზე მოისროლა, სადაც ის უნდა არსებობდეს შრომასა და ტანჯვაში, რათა ზედმეტის შესახებ არ იფიქროს. ის უნდა დაიტვირთოს. თუ ლუკმა-პურისთვის იბრძვი ყოველდღიურად, უფრო ამაღლებულის შესახებ ფიქრის რესურსი აღარ გრჩება, და დროთა განმავლობაში, როდესაც თაობიდან თაობამდე მხოლოდ ლუკმა-პურის მოპოვებით ხარ დაკავებული, სწორედ ეს ლუკმა-პური იქცევა ცხოვრების მიზნად. ეკლესია კი ამ ყოველივეს ხელს უწყობდა, პირველ რიგში, ცოდნის გავრცელების შეზღუდვით. ეკლესიამ ადამიანი ინტელექტუალუად გაძარცვა, აქცია იგი პირუტყვად, რომელიც მხოლოდ ძირითადი ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს.

მაგრამ ყოველივეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. მიზეზები ყველასათვის ცნობილია და მათ ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ ორი უმთავრესი მაინც უნდა ვახსენო: ადამიანის უდრეკი სწრაფვა ჭეშმარიტების დაუფლებისკენ და უსამართლობის ბუნებრივი სიძულვილი. მიზნისა და სასჯელის ილუზორულობამ ანუ არარსებობამ ადამიანს ეკლესიისგან თავისუფლება მიანიჭა, რისი ინიცირება ეკლესიამ თავად მოახდინა ისე, რომ ეს ვერ გააცნობიერა. ვინაიდან მიზანი ყალბია ანუ ის არ არსებობს, მე თავისუფალი ვარ.

თუ მიზანი არ არის და არც სასჯელი არსებობს, ყველაფერი დაშვებულია. არავინაა პასუხისმგებელი. თამაშის წესები არ გვაქვს. მე მხოლოდ ვცხოვრობ. მე არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ, შესაბამისად, შემიძლია მოვიქცე ისე, როგორც მომესურვება. Все дозволено. როდესაც მე კალათბურთს ვთამაშობ და მოგება მსურს, მე ვიცი თამაშის მიზანი. შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ იმას, რომ ბურთს ფეხით შევეხო, რადგან ეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე შემაფერხებს. თუ ჩვენ მხოლოდ ვთამაშობთ, უმიზნოდ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ფეხითაც ვითამაშოთ, სილაც გავაწნათ ერთმანეთს, მეორე ბურთი მოვიტანოთ და ა.შ. ერთი სიტყვით, გავცდეთ კალათბურთის ფარგლებს. და ვერავინ მოგვთხოვს პასუხს. Harlem Globetrotters კარგი მაგალითია: ეს არაჩვეულებრივი სანახაობაა, მაგრამ ეს კალათბურთი აღარ არის. იგივე ხდება ცხოვრებაშიც: მე შემიძლია მოვკლა და შემიძლია არც მოვკლა. არც ერთ შემთხვევაში ჩემთვის ეკლესიურად არაფერი შეიცვლება. მე არც დავისჯები და არც ჯილდოს მივიღებ. ამიტომაც არის ალბათ, რომ ადამიანები თავად შეუდგნენ კანონების შექმნას. ხოლო თუ არაფერი შეიცვლება, რაღა საჭიროა მისი გათვალისწინება? მას არც მიზანი აქვს და არც ქმედითი კანონი. ამ გაგებით ეკლესიას ადამიანისთვის ნულოვანი მნიშვნელობა გააჩნია. ის არის არარა. ღმერთის მიერ ადამიანისთვის შემოკრული ალიყური ეკლესიას მოხვდა.

და განთავისუფლებულმა ადამიანმა თქვა: შენ მე მიზნის ფორმულირება ვერ მომიხერხე, ყავლგასული ილუზია აღარ მუშაობს, შენი შეზღუდვები კი ჩემზე არ მოქმედებს. შესაბამისად, შენ მე არ მჭირდები. მშვიდობით!

ეს გარდუვალი იყო. ეს ასე უნდა მომხდარიყო. ეს ასე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG