აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა, დაიცვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სააღსრულებო განკარგულება, რომლის თანახმადაც აშშ-ში შესვლა დროებით ეკრძალებათ ლტოლვილებსა და შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნის მოქალაქეებს. 27 იანვარს ხელმოწერილ განკარგულებას, რომლის მოქმედებაც სასამართლომ შეაჩერა, ბევრი აკრიტიკებს არგუმენტით, რომ ის ადამიანებს რელიგიური ნიშნით გამოარჩევს. ტრამპის ადმინისტრაცია უარყოფს ბრალდებას, ხოლო პოლ რაიანმა 8 თებერვალს საზოგადოებრივ ტელეკომპანია პიბიეს-თან ინტერვიუში განაცხადა: „ეს არ არის მუსლიმებისთვის დაწესებული აკრძალვა. ასე რომ ყოფილიყო, მე მას შევეწინააღმდეგებოდი. მაგრამ განცხადებები, რომლებიც კეთდება, ამ საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს რელიგიური ნიშნით დაწესებული აკრძალვა იყოს (...) ვფიქრობ, ასეთი რიტორიკა შუღლს აღვივებს და ჩვენთვის კარგი არაფერი მოაქვს“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. პრეზიდენტ ტრამპის განმარტებით, განკარგულებით გამიზნულია, დაწესდეს კონტროლი, რათა შეერთებულ შტატებში შეუშვან ადამიანები, ვინც მთლიანად იზიარებს ამერიკელების ფასეულობებს და უარყოფს ყოველგვარ ჩაგვრასა და დისკრიმინაციას.
გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მხარს უჭერს ტრამპის განკარგულებას იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ
ყველაზე პოპულარული
1