Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად


თურქეთის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაიჭრა სირიაში რუსეთის მიერ შეცდომით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად. კრემლი 9 თებერვლის განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინციდენტის გამო მწუხარება გამოთქვა თურქ კოლეგა, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბრის დროს და მომხდარი მოიხსენია „ტრაგიკულ ინციდენტად“, რომლის დროსაც თურქი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ამავე განცხადებით, ორი ლიდერი შეთანხმდა სირიაში ექსტრემისტებთან ბრძოლისას სამხედრო ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე. თურქეთის განცხადებით, მისი ჯარისკაცები ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალ-ბაბში იმყოფებოდნენ შენობაში, რომელიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავმა დაბომბა. რუსეთი ეხმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ სამხედროებს, რომლებიც ებრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე სხვა შეიარაღებულ ჯგუფებს. თავის მხრივ, თურქეთიც ებრძვის სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“, მაგრამ ამავე დროს ეხმარება ზომიერ ოპოზიციას, რომელსაც სირიის მმართველი რეჟიმის დამხობა სურს.

XS
SM
MD
LG