Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხის კლინიკას, ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს, თანაგრძნობისა და თანადგომისთვის“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. მისი ინფორმაციით, პატრიარქი საავადმყოფოს სავარაუდოდ, ერთ კვირაში დატოვებს. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეს სრულიად მოულოდნელი ფაქტია. „ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 13 თებერვალს გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე. იმავე დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრების წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს დეკანოზი, გიორგი მამალაძე, რომელიც ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას საშიში, შხამიანი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით. პროკურატურის ინფორმაციით, 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ უახლოეს ხანში პროკურატურას მიმართავს განცხადებით, მოუხსნას გაუთქმელობის ვალდებულება, რათა შეძლოს საჯაროდ საუბარი საქმის დეტალებსა და დაცვის მხარის პოზიციაზე.

XS
SM
MD
LG