Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მაკრონი ხედავს კამპანიაში რუსეთის ჩარევის ნიშნებს


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ემანუელ მაკრონის პარტია აცხადებს, რომ რუსეთის მედია ავრცელებს ცნობებს მაკრონის პოზიციის დასასუსტებლად, რათა არჩევნებში გამარჯვების შანსები გაიზარდოს მაკრონის კონკურენტებისათვის, რომლებიც რუსეთის მხარდამჭერი კანდიდატები არიან. ამ შინაარსის განცხადება 13 თებერვალს გააკეთა მაკრონის პარტია „ან მარშის“ გენერალურმა მდივანმა, რიშარ ფერანმა, რაც პირველი ღია ბრალდებაა საფრანგეთის პოლიტიკური პარტიისაგან რუსეთში იმ ძალების მისამართით, რომლებიც შესაძლოა, ცდილობდნენ მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას. როგორც ფერანი აღნიშნავს, მოსკოვი ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ მარინ ლე პენს და მემარჯვენე-ცენტრისტ კანდიდატ ფრანსუა ფიიონს, რის გამოც პარიზმა უნდა მიმართოს ზომებს, რათა უცხო ქვეყანა არ ჩაერიოს საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ფერანმა საფრანგეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის მედიასაშუალებები, ერტე და "სპუტნიკი", მაკრონის კანდიდატურისათვის საზიანო ცნობებს ავრცელებენ, რადგან ის ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია. ისინი ავრცელებენ "გამოგონილ ცნობებს", მაგალითად, თითქოს მაკრონი აშშ-ის მმართველი წრეების მარიონეტი იყოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მაკრონი - დამოუკიდებელი მემარცხენე კანდიდატი- საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენთან ერთად, რის შემდეგაც მას პრეზიდენტად არჩევის კარგი შანსი აქვს.

XS
SM
MD
LG