Accessibility links

თურქმენეთში პირობითი სასჯელი შეუფარდეს რადიო თავისუფლების თანამშრომელს და მის დედას


თურქმენეთში ციხიდან გამოუშვეს ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელი ხუდაიბერდი ალაშოვი და მისი დედა, კურბანტაშ არაზმედოვა მას შემდეგ, რაც მათ 2,5 თვე დაჰყვეს წინასწარ პატიმრობაში. 22 თებერვალს სარწმუნო წყაროებმა შეატყობინეს ჩვენს რადიოს, რომ ალაშოვი და დედამისი 15 თებერვალს იქნენ გათავისუფლებული მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათ ორნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა საღეჭი თამბაქოს შენახვისათვის. ორივე შინ არის, ჩრდილოეთ თურქმენეთის ქალაქ კონეურგენჩში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენი ინფორმაციით, მათ არ ეძლევათ საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება. ალაშოვი და დედამისი დეკემბერში დააკავეს. საღეჭი თამბაქოს მოხმარება, აკრძალვის მიუხედავად, ფართოდ არის გავრცელებული თურქმენეთში. ალაშოვისა და დედამისის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე თურქმენეთში თავს დაესხნენ ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ქალს, სოლტან აჩილოვას, ხოლო 2015 წელს რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელს, საპარმამედ ნეპესკულიევს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით. პრესის თავისუფლების რეიტინგით, რომელიც ორგანიზაციას „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აქვს გამოქვეყნებული, თურქმენეთს ერთ-ერთი ბოლო, 178-ე ადგილი უკავია სულ 180 ქვეყანას შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG