Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაში: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ


„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, ალბათ, უახლოეს მომავალში შევალთ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განაცხადა. „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით - დღეს და ხვალ“, - თქვა ქიბარ ხალვაშმა. რაც შეეხება შესაძლო საკადრო ცვლილებებს, ხალვაში ამბობს, რომ „ვისაც უნდა წასვლა, ყველა წავა, ვისაც უნდა, დარჩება“. „კომერცია არის წარმატების საწინდარი. თუ გვინდა, ვიყოთ კომერციულად გამართული და წარმატებული ორგანიზაცია, პირველ რიგში, არხს უნდა ჰქონდეს რეიტინგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა „რუსთავი 2“-ში პროფესიონალები მუშაობენ. გუშინ, საღამოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. „რუსთავი 2“-ის მფლობელებს სასამართლო დავა ჰქონდათ ყოფილ მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ითხოვდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას. ტელეკომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების სურვილი ქიბარ ხალვაშს ხელისუფლებამ უკარნახა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმების მიზნით. „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა მთელი ღამე გაატარა ტელეკომპანიის ეზოში. ტელეკომპანიის შენობასთან წუხელ გაშალეს კარვები, რომლებიც ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება.

XS
SM
MD
LG