Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი ორი“ ქიბარ ხალვაშს


საპროტესტო აქციის ლოზუნგი უზენაეს სასამართლოსთან
საპროტესტო აქციის ლოზუნგი უზენაეს სასამართლოსთან

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" მიაკუთვნა ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, ხელმძღვანელობით. სასამართლომ გააუქმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა (ლევან ყარამანიშვილის 22 %, გიორგი ყარამანიშვილის 18 %-, ტელეკომპანია ,,საქართველოს” 51 % და ნინო ნიჟარაძის 9 %) წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 60 % წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში და 40 % წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა შპს „პანორამა“. ლევან და გიორგი ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების სურვილი ხალვაშს ხელისუფლებამ უკარნახა, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმების მიზნით.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ის ხალხი, ვინც მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს შენობის წინ იყო შეკრებილი, ,,რუსთავი ორის” შენობისკენ დაიძრა. „’რუსთავი ორი’ წაგვართვეს” - ეს სიტყვები ადევს გამოსახულებას, რომელიც ტოკ-შოუ “არჩევანის“ სტუდიიდან გადაიცემა პირდაპირ ეთერში. სტუდიაში შეკრებილნი არიან ტელეკომპანიის თანამშრომლები, მათი კოლეგები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა ტელეკომპანიის იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომლის თქმითაც, ამ გადაწყვეტილებას და მთელ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალსა და მართლმსაჯულებასთან:

„დღეს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი. სამი დღის წინ დაკომპლექტდა დიდი პალატის შემადგენლობა და დღეს, ანუ პირველივე დღეს, მიიღო გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაწერილი, თუმცა მათ მხოლოდ წაიკითხეს. ფიზიკურად, ერთხელ მაინც რომ წაეკითხათ საქმე, რამდენიმე დღე დასჭირდებოდათ, მაგრამ მათ საერთოდ არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა საქმის მასალებში, რა სამართლებრივი პოზიციები გააჩნდათ მხარეებს. მათ აინტერესებდათ ერთადერთი, შეესრულებინათ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რაც გააკეთეს კიდევაც“.

ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში

​მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება საქართველოში, „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ნიკა გვარამია იმედებს ამყარებს როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე:

“რთული მექანიზმია, მაგრამ მაინც ვცდით და ხვალვე ვაპირებთ შევიტანოთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, ბოლოს და ბოლოს განიხილონ ჩვენი სარჩელები და მიიღონ გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურობასა და უკუძალაზე. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ უზენაესის გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება. და ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებებს გამოიტანს, ჩვენ ასევე ვითხოვთ დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას“.

ასევე „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ „რუსთავი ორი“ არ ჩერდება და რომ ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმსა და რიტმში აგრძელებს მაუწყებლობას:

“არ ნიშნავს ეს გადაწყვეტილება იმას, რომ „რუსთავი ორმა“ ფარ-ხმალი დაყარა და გაჩერდა. ,,რუსთავი ორი“ მაუწყებლობს, განაგრძობს მუშაობას. ყველაფერი ძველებურად იქნება ეთერში, ვიდრე ჩვენ ამის ფიზიკური საშუალება გვექნება. სანამ ვინმე არ მიიღებს გადაწყვეტილებას სიგნალი გათიშოს ან ფიზიკურად გამოგვრთოს. რა თქმა უნდა, სამართლებრივი ბრძოლა იქნება პარალელურ რეჟიმში, თუმცა როდემდე გაგრძელდება ეს, ამის თქმა ძალიან რთულია. აი, სწორედ ახლა დადგა ის დრო, როცა ხალხმა უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა“.

​„რუსთავი ორის“ ეზოში შეკრებილი პოლიტიკოსებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გამოიწვია არა ცალკე აღებული ტელეკომპანია ან მედია, არამედ მთლიანად საზოგადოება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილება შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობას:

“ამ ხელისუფლებას არც ერთი მსოფლიო ლიდერი არ აღიარებს, როგორც დემოკრატიულს და ელემენტარულად ურთიერთობის ღირს ხელისუფლებად. ნებისმიერი ევროპული თუ ამერიკული ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას აღიარებს, როგორც ავტორიტარულ ხელისუფლებას. თქვენ დაიპყარით მმართველობის ყველა სფერო - მთავრობა, გაყალბებული არჩევნებით ხელში ჩაიგდეთ პარლამენტი, დაიმონეთ და დაიმორჩილეთ სასამართლო ხელისუფლება“.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები
რუსთავი 2-ის მხარდამჭერები

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, მედიაპლურალისტური გარემო „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია და მას ხელისუფლების მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას. მთავარი არის შემდეგი: ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე, როგორც არ უნდა იქნეს გადანაწილებული საკუთრებრივი უფლებები მედიის სფეროში, მედიაპლურალიზმი უნდა იქნეს დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ხელისუფლების ოპონირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მედიაპლურალიზმს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტთა უფლებები“.

თუმცა „რუსთავი ორის“ ეზოსა და სტუდიაში შეკრებილ საზოგადოებას სულ სხვაგვარი მოლოდინი აქვთ. მაგალითად, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება აპირებს დემოკრატიული გზიდან გადახვევას:

„პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ პოლიტიკური მმართველი ელიტა უარს ამბობს დემოკრატიაზე და უარს ამბობს დემოკრატიულ მმართველობაზე და, სამწუხაროდ, ამაში იყენებს სასამართლოს და სასამართლო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალები და დღეს ამაზე უნდა ვიმსჯელოთ“.

„რუსთავი ორის“ მხარდასაჭერად შეკრებილმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ყველამ უნდა გადადოს გვერდზე წყენა, უთანხმოება და გაერთიანდეს „რუსთავი ორის“ და, შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

რამდენიმე წუთის წინ ქიბარ ხალვაშის განცხადება გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“. ქიბარ ხალვაშის თქმით, „რუსთავი ორზე“ ამჟამად ბევრი პროფესიონალი მუშაობს და ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ.

აქცია "რუსთავი 2-ის" მხარდასაჭერად
please wait

No media source currently available

0:00 0:01:33 0:00

„’რუსთავი ორი’ იქნება ნამდვილად ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური, მიკერძოებული რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი. როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, მივალ ტელევიზიაში. როდესაც მხარეები არ იქნებიან აღელვებული, როდესაც სიტუაცია დაწყნარდება, შევეცდებით მოლაპარაკებით მოხდეს ყველაფერი. ხალხს გავაგებინებთ, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. თუ კოლექტივი თანახმაა, ხვალვე დაველაპარაკები, თუ არადა, შევეცდებით, რომ დაწყნარდნენ და გავაგებინოთ, რა არის საჭირო. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს „რუსთავი ორი“ მიაკუთვნა.



აქციის მონაწილეთა თქმით, „რუსთავი ორის“ გარდა, ისინი იცავენ ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ დღეს ისევეა დასაცავი სასამართლო და სიტყვის თავისუფლება, როგორც დასაცავი იყო წინა ხელისუფლების დროს:

„თუ შეიზღუდა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი კრიტიკული აზრი, მაშინ, რა თქმა უნდა, დარჩება მხოლოდ ერთი აზრი, მხოლოდ ერთი პარტია, ისე ერთი ტელევიზია და გვექნება საბჭოთა კავშირი, რომლიდანაც ამდენი წელია ვცდილობთ თავის დაღწევას, ამიტომ დღეს ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიის მთავარ ღირებულებას, ვიცავთ დამოუკიდებელ სასამართლოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტს, და ვიცავთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას“.

პოლიტიკოსების გარდა, უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ ასევე საზოგადოების სხვა წრეების წარმომადგენლები. ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურს არ სჯერა, რომ „რუსთავი ორის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავას საფუძვლად უდევს საკუთრების საკითხი.

„არ მჯერა, რომ რეალურად საკუთრებაზე დავობენ, ეს არის მხოლოდ ფასადი. სინამდვილეში ადგილი აქვს ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობას. ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს რაღაც გარკვეული ძალა, ამით კი დამყარდება ბევრად უფრო დიდი უსამართლობა, ვიდრე იყო თუნდაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც პირველად მოხდა „რუსთავი ორის“ მაუწყებლობის შეჩერება, როდესაც იმ აქციაზე ვიდექით ყველა ერთად და მხარს ვუჭერდით მის მომავალს. დღესაც ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლის მხარდაჭერა“, უთხრა ლელა ოჩიაურმა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება აქციის სხვა მონაწილეებსაც გაესაუბრა:

„ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას ივანიშვილისგან. ეს ტელევიზია არის ხალხის და არა ვინმესი. „რუსთავი ორით“ ვცოცხლობთ ჩვენ, შვილო. უფრო მეტ სიმართლეს ლაპარაკობს. არ უნდა შეიცვალოს მესაკუთრე. უნდა დავიცვათ, უნდა ვიბრძოლოთ თავისუფალი სიტყვის დასაცავად“, უთხრა რადიო თავისუფლებას მადონა კიკალიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე იყო მისული „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და 9-საათიანი კურიერის წამყვანი ზაალ უდუმაშვილიც:

„ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას არანაირ უკანონო გადაწყვეტილებასთან. ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. არ დავთმობთ, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვი, რას ვაპირებთ, მაგრამ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა დავიცვათ ‘რუსთავი ორი’“.

გაცილებით მწვავე და რადიკალური გამოსვლა ჰქონდა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომლის თქმითაც, უზენაესი სასამართლოს შენობაში წყდება საქართველოს ბედი:

„უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე დღეს ან ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას და, მასთან ერთად, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას და ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს და შეიტანას საკუთარ თავსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლებისა და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას. ბიძინა ივანიშვილები, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეთ, მათ მიერ მოთხრილი ხეებივით მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება. შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი და ვერსად ვერ გადარგავ“.

ნიკა გვარამიასა და აქციის სხვა მონაწილეების პასუხად, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც ხელისუფლება არ ერევა კერძო პირების დავაში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ „რუსთავის ორის“ სასამართლო დავას არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან:

„ასეთი ლოზუნგი, რომ ეს არის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ვფიქრობ, რომ არის მოვლენების დრამატიზების მცდელობა და ვითარების არასწორად წარმოჩენა. თუ პოლიტიკურ დევნას აღიარებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმ დევნის შედეგი იყო ტელევიზიასთან დაკავშირებული ძალადობრივი ფაქტები, რასაც ჰქონდა ადგილი, და ამაზე 2007 წლიდან კეთდებოდა განცხადებები. სხვა საკითხია, სასამართლო ამ ყველაფერს სამართლებრივ ჭრილში რა მტკიცებულებებით და როგორ შეაფასებს“.

სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან აქციის მინაწილენი, რომლებიც რჩებიან ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG