Accessibility links

ქაბულის ჰოსპიტალზე თავდასხმას, სულ ცოტა, ათი კაცი შეეწირა


სულ ცოტა, ათი ადამიანი დაიღუპა და კიდევ მეტი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სამხედრო ჰოსპიტალზე დღეს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. 400-საწოლიანი ჰოსპიტალი ავღანეთში აშშ-ის საელჩოს შენობის მახლობლად მდებარეობს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ უსაფრთხოების ძალები, ხელისუფლების წარმომადგენლები და თვითმხილველები. თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის თქმით, აფეთქებისა და გასროლის შემდეგ სარდარ მოჰამად დაუდ ხანის სახელობის ჰოსპიტალში შეიჭრა შეიარაღებულ თავდამსხმელთა ჯგუფი. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, თავდასხმა დაგმო ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მას უწოდა „თავდასხმა ავღანელ ხალხსა და ავღანელ ქალებზე“: „ყველა რელიგიის მიხედვით, საავადმყოფო ყველაზე დაცულ ადგილად ითვლება და მასზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას მთელ ავღანეთზე“, აღნიშნა ავღანეთის პრეზიდენტმა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარი თავდასხმა გაგრძელებაა გასულ კვირაში თალიბების შეტევებისა პოლიციის შენობებსა თუ უშიშროების სამსახურებზე.

XS
SM
MD
LG