Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტი მზად არის, გადაიხადოს 892-მილიონიანი ჯარიმა


ჩინეთის უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, ZTE-მ, განაცხადა, რომ გადაიხდის სარეკორდო ჯარიმას, 892 მილიონ დოლარს, რომელიც მას დაეკისრა აშშ-ის მიერ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის. კერძოდ, ჩინეთის კომპანიამ თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები მიჰყიდა ირანსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას. ინფორმაცია ჩინეთის კომპანიის მხრიდან ჯარიმის გადახდის მზადყოფნის შესახებ გუშინ გაავრცელა აშშ-ის ხელისუფლებამ. მხარეთა შორის მიღწეული გარიგებით, რომელიც ტეხასის სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, ჩინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიას დაეკისრება დამატებითი ჯარიმა 300 მილიონი დოლარის ოდენობით, თუ შვიდწლიან გამოსაცდელ ვადაში ის კიდევ ერთხელ დაარღვევს შეთანხმებას. „გვინდა მსოფლიოს ვუჩვენოთ, რომ თამაში დამთავრდა. ისინი, ვინც არაფრად აგდებენ ჩვენს ეკონომიკურ სანქციებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებულ კანონებს, დაუსჯელი არ დარჩებიანო“, აღნიშნა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა.

XS
SM
MD
LG