Accessibility links

უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა დამალა 750 ათასი დოლარის მიღების ფაქტი


კვლავ ინტერესის საგნად რჩება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმე. კიევში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა სერგეი ლეშჩენკომ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მანაფორტმა დამალა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობას 750 ათასი დოლარის მიღების ფაქტი. ეს თანხა მანფორტს ჩაერიცხა ოფშორულ ზონაში, კერძოდ ბელიზში რეგისტრირებული კომპანიის, „ნეოკომ სისტემს ლიმიტედის“ ანგარიშზე. დეპუტატ ლეშჩენკოს თქმით, კომპანია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაკოტრდა, ფლობს ანგარიშებს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მოქმედ „აზიის უნივერსალურ ბანკში“. ლეშჩენკომ უკრაინისა და აშშ-ის სამართალდამცველ უწყებებს მოუწოდა, დაინტერესდნენ ხსენებული საბანკო ოპერაციების კანონიერებით. ლეშჩენკოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მანაფორტის საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ გუშინ, წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე, თუმცა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს გამოძიება რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლებისა და ტრამპის გუნდის წევრების შესაძლო კავშირების დასადგენად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG