Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ყოფილი მრჩევლის „საიდუმლო სტრატეგია“ პუტინის სასარგებლოდ


პოლ მანაფორტი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლისას (2016 წლის 22 ივნისი).
პოლ მანაფორტი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლისას (2016 წლის 22 ივნისი).

ამ კვირაში გახშირდა ცნობები, რომლებიც ამერიკელ ლობისტსა და პოლიტიკურ კონსულტანტს, პოლ მანაფორტს ეხება. თუ აქამდე ვიცოდით, რომ მანაფორტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო და 2016 წლის აგვისტოში გადადგომა მოუწია უკრაინის ყოფილ, პრომოსკოვურ ხელისუფლებასთან კავშირის გამო, მიმდინარე კვირაში მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც მანაფორტს, შესაძლოა, უშუალოდ, აკავშირებდეს კრემლის ინტერესებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა რუსეთს 2005 წელს შესთავაზა „საიდუმლო პოლიტიკური სტრატეგია“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციის განსამტკიცებლად და, შესაბამისად, მისი ოპონენტების დასასუსტებლად. 2000-იან წლებში მან, სულ ცოტა, 50 მილიონი დოლარი მიიღო ამ გეგმის განსახორციელებლად. მიმდინარე კვირაში შევიტყვეთ აგრეთვე, რომ მანაფორტმა სცადა, დაემალა 750 ათასი დოლარის მიღების ფაქტი − იმ თანხის ნაწილისა, რომელიც მას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩევლად მუშაობისას გადაუხადეს. გამოდის, რომ კაცი, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას მართავდა, მანამდე წლების მანძილზე იღებდა მილიონობით დოლარს პუტინისა და იანუკოვიჩის ინტერესების სასარგებლო საქმიანობისათვის. ყოველ შემთხვევაში, ასეა ნათქვამი მასალებში, რომლებიც 21 და 22 მარტს გაავრცელეს უკრაინელმა პარლამენტარმა, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლად ცნობილმა სერგეი ლეშჩენკომ და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტიანმა საინფორმაციო სააგენტომ, ასოშიეიტედ პრესმა.

სერგეი ლეშჩენკო
სერგეი ლეშჩენკო

„გამოძიების მსვლელობაში დავადგინე, რომ პოლ მანაფორტი იყენებდა ოფშორულ იურისდიქციას და გაყალბებულ ფაქტურებს უკრაინის კორუმპირებული ლიდერისაგან ფულის მისაღებად. (...) გამოძიების მსვლელობაში დადგენილ იქნა, როგორი იყო ანაზღაურება ვიქტორ იანუკოვიჩისაგან პოლ მანაფორტის სასარგებლოდ. ეს იყო 2009 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებული გადარიცხვა 750 ათასი დოლარის ოდენობით“, - განაცხადა 21 მარტს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლეშჩენკომ. მისმა სიტყვებმა დიდი ყურადღება მიიპყრო მთელს მსოფლიოში. მიზეზია ლეშჩენკოს განცხადებების ფონი: შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს გამოძიება რუსეთის ოფიციალურ პირებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს შორის შესაძლო კავშირების დასადგენად. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი კი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ არის მიჩნეული - ხოლო პოლ მანაფორტი 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს. აგვისტოში ის გადადგა მას შემდეგ, რაც ასოშიეიტედ პრესმა გაავრცელა ცნობა უკრაინის მმართველ პრორუსულ პარტიასთან მანაფორტის კავშირის შესახებ.

ამ კვირაში ისევ ასოშიეტედ პრესმა გამოაქვეყნა მასალა მანაფორტზე, ექსკლუზიურად მოპოვებული, მრავლისმეტყველი მასალა, რომელიც არა კიევთან, არამედ უშუალოდ მოსკოვთან მის კავშირზე გვაუწყებს. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ამ ათი წლის წინ მანაფორტი რუსი მილიარდერის, ოლეგ დერიპასკას დავალებით, საიდუმლოდ მუშაობდა პრეზიდენტ პუტინის ინტერესების მხარდასაჭერი ზომების მისაღებად.

„მანაფორტმა ჯერ კიდევ 2005 წლის ივნისში წარმოადგინა კონფიდენციალური სტრატეგიული გეგმა, რომლითაც აპირებდა გავლენის მოხდენას პოლიტიკურსა და ბიზნესგადაწყვეტილებებზე, ინფორმაციის გაშუქებაზე შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - პუტინის მთავრობის სასარგებლოდ - მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მმართველობისას ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა უარესდებოდა“, - წერს ასოშიეიტედ პრესი. მისი ინფორმაციით, ამ „კონფიდენციალური სტრატეგიული გეგმის“ განსახორციელებლად, მანაფორტმა კონტრაქტი გააფორმა პუტინთან დაახლოებულ პირთან, მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან: კონტრაქტი ითვალისწინებდა წლიურად 10 მილიონი დოლარის ანაზღაურებას, 2006 წლიდან. ასოშიეიტედ პრესის ინფორმაციის წყაროა მის მიერვე მოპოვებული მასალა: მანაფორტის სტრატეგიის ამსახველი მემორანდუმები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ამერიკელი კონსულტანტისათვის მილიონობით დოლარის გადარიცხვას. მანაფორტ-დერიპასკას თანამშრომლობამ, სულ ცოტა, 2009 წლამდე გასტანა.

ასოშიეიტედ პრესის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალებში საქართველოც არის ნახსენები: „მანაფორტი გამოდის წინადადებით, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებული საქმე განავრცოს უზბეკეთზე, ტაჯიკეთსა და საქართველოზე, სადაც პირობას დებს, რომ გაამყარებს პუტინის მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობების ლეგიტიმურობას და დაასუსტებს ანტირუსულად განწყობილ მოღვაწეებს პოლიტიკური კამპანიების, არაკომერციული ჯგუფებისა და მედიის საქმიანობის მეშვეობით“ - წერს ასოშიეიტედ პრესი.

თავად მანაფორტი ირწმუნება, რომ არასოდეს უმუშავია კრემლის ინტერესების სასარგებლოდ. „თითქმის ათი წლის წინ ვთანამშრომლობდი ოლეგ დერიპასკასთან, ვიყავი მისი წარმომადგენელი ბიზნესისა და პირად საკითხებში იმ ქვეყნებში, სადაც მას კაპიტალი ჰქონდა დაბანდებული. დერიპასკასთვის ჩემი საქმიანობა არ მოიცავდა რუსეთის პოლიტიკური ინტერესების დაცვას“ - წერს მანაფორტი ასოშიეიტედ პრესისთვის გაგზავნილ წერილში.

არადა, სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ მანაფორტის საქმიანობაა ინტერესის მთავარი საგანი გამოძიებისთვის, რომელიც ემსახურება რუსეთსა და ტრამპის გუნდს შორის შესაძლო კავშირის დადგენას. ეს ინფორმაცია ასოშიეიტედ პრესმა მოიპოვა ამერიკელი ოფიციალური პირისაგან, რომელიც ვინაობას საჯაროდ არ ამჟღავნებს გამოძიების კონფიდენციალურობის გამო. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მანაფორტის გვარმა 28-ჯერ გაიჟღერა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, ორშაბათს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG