Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სარჩელი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დავაში


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მისი დათხოვნის შესახებ და მაუწყებელს დააკისრა 30 ათასი ლარის კომპენსაციის გადახდა. „ყველაზე მთავარია, რომ ჩემი გათავისუფლება სასამართლომ აღიარა უკანონოდ, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა მიშველაძემ, რომელიც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერია. სასამართლოში მიშველაძის ინტერესებს იცავდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ნონა ქურდოვანიძე. მისი ინფორმაციით, სარჩელში ითხოვდნენ დისკრიმინაციის აღიარებასაც, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განმარტებით, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის გასაჩივრების საკითხს მოგვიანებით გადაწყვეტენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტის, დიმიტრი ბერძენიშვილის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც ეკა მიშველაძის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. „ერთადერთი, რასაც სასამართლო ამბობს ის არის, რომ დაცული არ იყო შრომის კოდექსის პირობები, რაც მყიფე არგუმენტია“ - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ბერძენიშვილმა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გამორიცხა ყველანაირი დისკრიმინაცია და სამსახურიდან ეკა მიშველაძის დათხოვნის პოლიტიკური მოტივი. ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში დაითხოვეს. მიშველაძემ გადაწყვეტილება დაუკავშირა იმას, რომ მისი მეუღლე, ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო.

XS
SM
MD
LG