Accessibility links

ლაშა თორდიას ეჭვი აქვს, რომ მთავარი პროკურატურა და ოთარ ფარცხალაძე შეთანხმებულად მოქმედებენ


საქართველოს გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ეჭვი აქვს, რომ მთავარი პროკურატურა და მისი ყოფილი ხელმძღვანელი, ოთარ ფარცხალაძე შეთანხმებულად მოქმედებენ. „ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური და ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც გუშინ განვითარდა. მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, საღამოს ვიხილე განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა“ - განუცხადა დღეს, 15 მაისს ჟურნალისტებს ლაშა თორდიამ. გენერალური აუდიტორის თქმით, ამას ემატება გარემოებები, რასაც უყურებს ტელევიზიის და სოციალური ქსელების საშუალებით, როცა ფარცხალაძის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც ღამის 2-3 საათზე იკრიბებიან და განიხილავენ რაღაც საკითხებს. ლაშა თორდია დარწმუნებულია, რომ ამ დღეებში მის მიმართ იქნება არაერთი ბრალდება და შესაძლოა, ვიდეომასალებიც გავრცელდეს. „მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია და ვერ პროკურატურა. უბრალოდ გული მწყდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართულნი არიან ერთ-ერთი ასეთი ავაზაკის ქმედებების „გაპრავებაში“ - განაცხადა ლაშა თორდიამ. მისი თქმით, უახლოეს ხანში, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, საჯაროდ გამოაქვეყნებს აუდიტის სამსახურის მასალებს, რომლებიც შეეხება ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის კორუფციულ გარიგებას და ვერეს ხეობაში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემას. ლაშა თორდიამ 13 მაისს განაცხადა, რომ 12 მაისს ღამით, თბილისის ერთ-ერთ კლუბში შეხვდა ოთარ ფარცხალაძეს, რომელმაც აგრესია გამოხატა და თანხმლებ პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 14 მაისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ოთარ ფარცხალაძის განცხადება, რომელშიც ლაშა თორდიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ კონფლიქტი გამოწივია თავად თორდიამ, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და ადვოკატების მეშვეობით მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, რათა გენერალურ აუდიტორს ცილისწამებისთვის ბოდიში მოახდევინოს. ლაშა თორდია, რომელსაც ექიმების დიაგნოზით, ტვინის შერყევა აქვს, ალადაშვილის კლინიკიდან დღეს, 15 მაისს გაწერეს.

XS
SM
MD
LG