Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, მოსკოვი მზადაა ვაშინგტონს მიაწოდოს ტრამპისა და ლავროვის შეხვედრის ჩანაწერები


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ვაშინგტონს გადასცეს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის ჩანაწერები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ამ შეხვედრაზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია გააცნო ლავროვს. რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება დღეს გაავრცელა სოჭში იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „მზად ვართ, როგორც აშშ-ის სენატს, ისე კონგრესს მივაწოდოთ ტრამპისა და ლავროვის საუბრის ჩანაწერები, ცხადია, თუ ეს აშშ-ის მთავრობას სურს“, თქვა პუტინმა. ის „პოლიტიკურ შიზოფრენიას“ უწოდებს აშშ-ში განვითარებულ დისკუსიას: „თავდაპირველად, სასაცილოდ გვეჩვენებოდა ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც აშშ-ში განვითარდა. თუმცა, დღეს არა მხოლოდ ვწუხვართ, არამედ შემაშფოთებლად მიგვაჩნია იმის წარმოდგენაც კი, სადამდე შეიძლება მივიდნენ ადამიანები ამ სისულეებისა და ნაგვის წარმოებით. ყველაფერი ეს კეთდება ანტირუსული განწყობების შექმნის საფუძველზე.“ მოგვიანებით კრემლის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, იური უშაკოვმა დააზუსტა, რომ პუტინი ჩანაწერებში გულისხმობდა შეხვედრის ტრანსკრიპტს და არა, აუდიო ჩანაწერს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ზოგიერთი ამერიკული გამოცემა იუწყებოდა, რომ 10 მაისს ოვალურ ოთახში გამართული შეხვედრისას, ტრამპმა რუსეთის მინისტრს გაუზიარა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც აშშ-მა თავისი მოკავშირისგან მიიღო.

XS
SM
MD
LG