Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმსჯელეს 7 თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმების თემაზე


საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში - ერთდროულად გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პრესკონფერენცია 12-დან 7 თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმების თემაზე. 21 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მოამზადა და მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გაგზავნა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას და საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თემში შემავალი სოფლებისთვის. „ასევე, ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმისათვის, რომ საკრებულოებმა უმოკლეს დროში განიხილონ და ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ინიციატივას“ - ნათქვამია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. ისინი აღნიშნავენ, რომ მთავრობის ინიციატივის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა გაერთიანება იგეგმება და ეს ნათლად დადასტურდა რეგიონებში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას. 21 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.

XS
SM
MD
LG