Accessibility links

დევიდ მაკალისტერი: ჩვენ ვხედავთ პროგრესს, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი


ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, განაგრძოს რეფორმები განსაკუთრებით, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლისა და უმცირესობების დაცვის სფეროებში. „ჩვენ ვხედავთ პროგრესს, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი”- განაცხადა თბილისში დღეს, 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დევიდ მაკალისტერმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ორდღიანი ვიზიტისას განხილული იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიც. „ვიცით, რომ არცერთი სისტემა არ არის იდეალური. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს ვენეციის კომისიასთან და მხარს ვუჭერთ ფართო კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან, რათა ამ ძირეულ რეფორმას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა“ - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. მისივე თქმით,საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რეგიონშიც. „განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია და მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად” - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. მან დაადასტურა ევროპარლამენტის და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 23-24 მაისს, საქართველოში ვიზიტისას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს და ადგილზე გაეცნენ შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG