Accessibility links

26 მაისს თბილისში გაიხსნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია


დღეს, 26 მაისს თბილისში გაიხსნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელშიც მონაწილეობს 600-მდე დელეგატი ნატოს 28 წევრი და 20 არაწევრი, ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნიდან. დღეს თბილისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, პაოლო ალიმ, ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, დევიდ ჰობსმა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა. „მოხარულნი ვართ, რომ საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოს გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან საზოგადოებას მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ 26 მაისს თბილისში გაიხსნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია.„ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია და მოხარულნი ვართ, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო დიდი ხანია, მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა მალე გადაიზრდება მჭიდრო ინტეგრაციაში. თავის მხრივ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, პაოლო ალიმ აღნიშნა, რომ ასამბლეა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური, საპარლამენტო ორგანიზაციაა, მის რეკომენდაციებს და მოსაზრებებს ნატო ითვალისწინებს. პაოლო ალის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, დიდ პროგრესს მიაღწია ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, თუმცა კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის. ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა საქართველო ნატოში გაწევრიანდეს MAP-ის გარეშე, პაოლო ალიმ უპასუხა, რომ MAP-ი პროცესის დაწყების კონკრეტული საშუალებაა. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც ითქვა ბუქარესტში, 2008 წელს და ეს ძალაში რჩება“ - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდოამრემ, პაოლო ალიმ. დღეს საღამოს თბილისში გაიმართება საქართველო-ნატოს პარლამენტთაშორისი საბჭოს და მუდმივი კომიტეტის ერთობლივი სხდომა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მუშაობას 29 მაისს დაასრულებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG