Accessibility links

თეირანში 12 ადამიანი დაიღუპა ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმებისას


ირანიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა თეირანში ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე დღეს მოწყობილი ორი თავდასხმისას. დაღუპულებს შორის ოთხი თავდამსხმელია. იუწყებიან ასევე, რომ ინციდენტები დასრულდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც სუნიტების ჯგუფია. ირანის მედიის ცნობით, სულ ცოტა, სამი თავდამსხმელი შეიჭრა ხომეინის მავზოლეუმში და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კი თავი აიფეთქა. რაც შეეხება პარლამენტს, შეიარაღებულმა პირებმა ასევე შენობაში დაიწყეს სროლა. აი, რა უთხრა საინფორმაციო სააგენტო როიტერსის კორესპონდენტს პარლამენტთან მყოფმა ერთ-ერთმა თვითმხილველმა: „აქ ვიდექით და გავიგეთ, რომ პოლიციელებმა თქვეს: ხუთი ადამიანი შევიდა პარლამენტში და სროლა დაიწყოო. ერთ-ერთი ჩვენც დავინახეთ, როგორ მოხვდა ტყვია გულ-მკერდის არეში. ის ეტლში დასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ხალხი ამბობს, რომ ამას „ისლამური სახელმწიფო“ აკეთებს. ყველა სხვადასხვა რაღაცას ამბობს. არ ვიცი, ვინ დგას თავდასხმის უკან“, - უთხრა ჟურნალისტს პარლამენტთან მყოფმა თვითმხილველმა. გასულ თვეში ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ჰასან როჰანი - შედარებით ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსი შიიტურ რესპუბლიკაში, რომლის უზენაესი ლიდერიც აიათოლა ალი ხამენეია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG