Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში 14-მდე გაიზარდა ორი სავარაუდო ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ესპანეთში 14-მდე გაიზარდა ორი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი. ამასობაში, გრძელდება ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მთავარი ეჭვმიტანილის დასაკავებლად: ეს არის სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტი, რომელიც 17 აგვისტოს ბარსელონაში მიკროავტობუსით დაეჯახა გამვლელებს და 13 ადამიანი მოკლა. ხოლო 18 აგვისტოს ქალი გარდაიცვალა წინა დღეს ქალაქ კამბრილსში თავდასხმისას მიღებული ჭრილობების შედეგად. ბარსელონის სამხრეთით მდებარე კამბრილსში ხუთი პირი, რომელსაც ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამრები ეკეთა, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი ავტომანქანით დაეჯახნენ გამვლელებს. პოლიცია აცხადებს, რომ კამბრილსის ინციდენტი კავშირშია ბარსელონაში მიკროავტობუსით მოწყობილ თავდასხმასთან. ბარსელონის ცენტრში დღეს ათასობით ადამიანმა, მათ შორის, ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსემ და პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას. წუთიერ დუმილს მოჰყვა შეკრებილების ტაში და შეძახილები "არ მეშინია". ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ბარსელონაში, ტურისტებით სავსე ლას რამბლასის ბულვარზე. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი და შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

XS
SM
MD
LG