Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: მიზანი თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვებაა


დონალდ ტრამპი ფორტ მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას
დონალდ ტრამპი ფორტ მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა ავღანეთში თავისი ქვეყნის ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვება. გამარჯვება, ტრამპის თქმით, ნიშნავს დარტყმებს მტრის პოზიციებზე, რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებას, თალიბების ნეიტრალიზებასა და ამერიკელთა წინააღმდეგ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმების აღკვეთას. ორშაბათს საღამოს, ვაშინგტონის მახლობლად, ფორტ მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, ტრამპმა აღიარა, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ გაიაზრა: „ავღანეთიდან შეერთებული შტატების წასვლა დაუშვებელია“. ასეთი ნაბიჯი, ტრამპის განცხადებით, შექმნიდა ვაკუუმს, რომელსაც ტერორისტები შეავსებენ, როგორც ეს ერაყში მოხდა. ჩვენ ვერ გავიმეორებთ ერაყის შეცდომასო, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა. საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობაში ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს და ამბობდა, რომ ვაშინგტონმა თითქმის უშედეგოდ დახარჯა ტრილიონობით დოლარი. ორშაბათის გამოსვლაში ტრამპს არ უსაუბრია ავღანეთის ახალი სტრატეგიის დეტალებზე და არც ის უთქვამს, რამდენად შეიძლება გაიზარდოს აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის რიცხობრივი შემადგენლობა ან რამდენ ხანს დარჩება შეერთებული შტატების ჯარი ავღანეთში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აშშ-ის კონტინგენტს რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე დაემატება. „ჩვენს სტრატეგიას ავღანეთში არსებული ვითარება განაპირობებსო, აღნიშნა ტრამპმა. თავის გამოსვლაში ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მკაცრად გააფრთხილა პაკისტანი, განაცხადა რა, რომ ამ ქვეყანას თავს აფარებენ ორგანიზაციები, რომელთა წევრები „ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების მოკვლას“. ეს ვითარება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოსო, თქვა დონალდ ტრამპმა.

XS
SM
MD
LG