Accessibility links

რუსი აქტივისტი ნემცოვის მემორიალთან თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა


ივან სკრიპნიჩენკო ბორის ნემცოვის მემორიალთან

ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტი, რომელსაც თავს დაესხნენ ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ივან სკრიპნიჩენკოს თავს დაესხნენ და ცხვირი გაუტეხეს ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მორიგეობის დროს 15 აგვისტოს. ის მოსკოვის სკლიფოსოვსკის კლინიკაში გარდაიცვალა 23 აგვისტოს.აქტივისტის გარდაცვალების შესახებ ცნობა 24 აგვისტოს გაავრცელა მისმა მეგობარმა ანდრეი მარგულიოვმა. კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, მოსკოვში, კრემლის მახლობლად მდებარე ხიდზე 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ადგილას აქტივისტებმა შექმნეს დროებითი მემორიალი, სადაც სისტემატურად ხდება ხოლმე ვანდალური ხასიათის თავდასხმა. ივლისში მოსკოვის სასამართლომ ხუთი პირი გაასამართლა ნემცოვის მკვლელობისთვის. თუმცა, მათი ნათესავები და ახლობლები აცხადებენ, რომ მკვლელობის შეკვეთა უფრო მაღალ დონეზე მოხდა. მათი თქმით, მართლმსაჯულება არ აღსრულდება, სანამ მიკვლეული და გასამართლებული არ არიან მკვლელობის დამკვეთები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG