Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრინფორმი“: სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციულ ოქმს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ


2017 წლის 12 სექტემბერი, ლვოვი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო "ლეოპოლისის" წინ
2017 წლის 12 სექტემბერი, ლვოვი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო "ლეოპოლისის" წინ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა წაუკითხა ადმინისტრაციული ოქმი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ. სააკაშვილს ოქმი გააცნეს ქალაქ ლვოვში სასტუმრო "ლეოპოლისის" წინ, სადაც ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების ჯგუფი იმყოფებოდა. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რითაც აღიარა „ადმინისტრაციულ დარღვევის“ ბრალდება. პოლიცია 12 სექტემბრის დილას მივიდა სასტუმროსთან და თავდაპირველად შენობის შესასვლელი დაბლოკა. თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, მისთვის ოქმი უნდა გადაეცათ უფრო ადრე, სავარაუდო დარღვევიდან სამი საათის განმავლობაში, ამიტომ სასაზღვრო სამსახურის დღევანდელი ქმედება უკანონოა. სააკაშვილი აცხადებს ასევე, რომ კიევში ჩავა რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე კვირაში - მას შემდეგ, რაც მოივლის უკრაინის „ქალაქებსა და სოფლებს“. 11 სექტემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ უკრაინის ოპოზიციის გაერთიანება. სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს,10 სექტემბერს გაემგზავრა პოლონეთიდან უკრაინაში. მისმა მხარდამჭერებმა შეგინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაარღვიეს მესაზღვრეების კორდონი და სააკაშვილმა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

XS
SM
MD
LG