მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა საერთაშორისო კამპანიას,რომელიც ბირთვული იარაღის აკრძალვისთვის იბრძვის. საერთაშორისო კამპანია ატომური იარაღის გასანადგურებლად (ICAN) საკუთარ თავს აღწერს თვითორგანიზებული არასამთავრობო ჯგუფების კოალიციად, რომელიც 100-ზე მეტ ერს აერთიანებს. კოალიციას საფუძველი ავსტრალიაში ჩაეყარა, 2007 წელს კი ოფიციალურად დაფუძნდა ვენაში. „ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე ყოფილა ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, - განაცხადა ბერიტ რეის-ანდერსონმა, ნობელის კომიტეტის პრეზიდენტმა, რომელმაც 6 ოქტომბერს ოსლოში გამოაცხადა მშვიდობის დარგში წლევანდელი ლაურეატის ვინაობა. ივლისში 122-მა ქვეყანამ მიიღო გაეროს ხელშეკრულება ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ, თუმცა ხელშეკრულება არ მოიცავს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს, როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი.
.