Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის "სიმბოლური" დამოუკიდებლობის გამო ესპანეთის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია


კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ.
კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ.

დღეს მადრიდში გაიმართება ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ კატალონიის მხარეში შექმნილ ვითარებასა და მთავრობის საპასუხო ნაბიჯებზე. 10 ოქტომბერს საღამოს, კატალონიის ავტონომიის პარლამენტის წევრებმა და მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ აფუძნებენ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, კატალონიის რესპუბლიკას. ამასთან, პუჩდემონმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება რამდენიმე კვირით გადაიდო, ამ საკითხზე ესპანეთის მთავრობასთან დიალოგის მიზნით. კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურს ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფოს შუამავლობის იმედი აქვს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ დღემდე არაერთხელ განაცხადა, რომ კატალონიის ავტონომიის ლიდერებთან მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ ისინი უარს არ იტყვიან სეპარატისტულ მიზნებზე. კატალონიის მხარეში 1 ოქტომბერს ჩატარდა მადრიდის მიერ უკანონოდ გამოცხადებული რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა, 43%-მა. რეგიონის ხელისუფალთა ინფორმაცით, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა.

XS
SM
MD
LG