Accessibility links

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ლიდერებისგან განმარტება მოითხოვა


ესპანეთის მთავრობის სხდომა

ესპანეთის მთავრობა კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურს, კარლეს პუჩდემონს მიმართავს, ოფიციალურად განმარტოს, გამოაცხადა თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კატალონიის მხარეში 10 ოქტომბრის შემდეგ შექმნილი ვითარება აუცილებლად უნდა გაირკვეს, რადგან ამაზეა დამოკიდებული მადრიდის შემდგომი ნაბიჯები, კერძოდ, ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება. კონსტიტუციის ეს მუხლი ითვალისწინებს კატალონიის ავტონომიურ ოლქზე ესპანეთის მთავრობის პირდაპირი მმართველობის დამყარებას. 10 ოქტომბერს, კატალონიის ადგილობრივი პარლამენტის წევრებმა და მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ აფუძნებენ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, კატალონიის რესპუბლიკას. ამასთან, პუჩდემონმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება რამდენიმე კვირით გადაიდო, ამ საკითხზე ესპანეთის მთავრობასთან დიალოგის მიზნით. კატალონიის მხარეში 1 ოქტომბერს ჩატარდა მადრიდის მიერ უკანონოდ გამოცხადებული რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებმა, 43%-მა. რეგიონის ხელისუფალთა ინფორმაცით, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG