Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შემდეგ ისრაელმაც გამოაცხადა, რომ ტოვებს იუნესკოს


ისრაელი გადის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან, იუნესკოდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ ტოვებს იუნესკოს ისრაელის წინააღმდეგ მისი „მიკერძოების“ გამო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, საგარეო უწყებას დაევალა, მოამზადოს გაეროს უწყებიდან ისრაელის გასვლა შეერთებულ შტატებთან ერთად. ამავე განცხადებით, ნეტანიაჰუ მიესალმება იუნესკოდან გასვლის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიჩნევს „გაბედულ და მორალურ“ ნაბიჯად, რადგან იუნესკო გახდა „აბსურდის თეატრი“ და ის „ისტორიას აყალბებს“. ისრაელს აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია იუნესკო იმისათვის, რომ, მისი აზრით, ორგანიზაცია პალესტინელებს ემხრობა ხოლმე, როცა დავას იწვევს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები იერუსალიმში, ან პალესტინელთა ტერიტორიებზე. გასულ წელს ისრაელმა შეაჩერა იუნესკოსთან თანამშრომლობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც იერუსალიმში ტაძრის მთა მოხსენიებულია ისლამის საკულტო ადგილად და არ არის აღიარებული მასთან ებრაელი ხალხის კავშირი. 2011 წელს იუნესკოში მიიღეს პალესტინელთა ავტონომია, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.

XS
SM
MD
LG