Accessibility links

მიხაილ ხოდორკოვსკი არ ეთანხმება არჩევნების ბოიკოტირებას


მიხაილ ხოდორკოვსკი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის, „ღია რუსეთის“ დამფუძნებელი, კომპანია „იუკოსის“ ყოფილი მფლობელი, მიხაილ ხოდორკოვსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადონ. 24 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ხოდორკოვსკი აღნიშნავს, რომ არჩევნები დიდი პოლიტიკური წარმოდგენაა, ხელისუფლება უფრო მოწყვლადი ხდება, საზოგადოება კი - პოლიტიზებული და ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია. ხოდორკოვსკის შეფასებით, ბოიკოტი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა მას ემხრობა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ხოდორკოვსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ კენჭისყრას არჩევნებთან საერთო არაფერი ექნება, აუცილებელია მონაწილეობა საპროტესტო კენჭისყრაში პუტინის, ან მის მიერ შერჩეული კანდიდატის წინააღმდეგ. ხოდორკოვსკის მოწოდებაა, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ სხვა, მისაღებ კანდიდატს, ხოლო თუ ასეთი არ იქნება, ხმა მისცენ ყველას წინააღმდეგ. ხოდორკოვსკი რუსეთის დემოკრატიულ ძალებს სთავაზობს, იბრძოლონ თავიანთი კანდიდატების დასარეგისტრირებლად და საჯარო გახადონ ხელისუფლების მცდელობები, ხელი შეუშალოს ამ პროცესს. უკვე ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრის უფლებას არ მისცემენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის. ამის მიზეზად რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასახელა ნავალნის ნასამართლეობა. ნავალნის თქმით, თუ მას კანდიდატად რეგისტრაციაზე უარს ეტყვიან, საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG