Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგანგებო პროკურორმა პირველი ბრალდებები წარმოადგინა არჩევნებში „რუსეთის ჩარევის“ საქმეში


აშშ-ის საგანგებო პროკურორი რობერტ მიულერი
აშშ-ის საგანგებო პროკურორი რობერტ მიულერი

აშშ-ის საგანგებო პროკურორმა, რობერტ მიულერმა წარმოადგინა პირველი ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო, ჩარევას. 27 ოქტომბერს „სი-ენ-ენი“ და „როიტერსი“ იტყობინებოდნენ, რომ ვაშინგტონში, მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ ბრალდებები დაადასტურა, რაც მნიშვნელოვანი საქმეების გამო სასამართლო პროცესის დაწყების წინასწარ ნაბიჯს წარმოადგენს. არ არის გავრცელებული ცნობა ბრალდებების დეტალების შესახებ. მედიის თანახმად, ბრალდებულებს, სავარაუდოდ, ორშაბათს დააკავებენ. მიულერი ხელმძღვანელობს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის მიზანია, გამოიკვლიონ, რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში. გამომძიებლები ასევე არკვევენ, ჰქონდათ თუ არა ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს კავშირები რუსეთის კრემლთან. ცნობილია, რომ გამოძიებამ დეტალურად შეისწავლა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ადრინდელი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის, ტრამპის მრჩევლის, კარტერ პეიჯის და სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საქმიანობა. თვითონ აშშ-ის პრეზიდენტი მოითხოვს გამოძიების სასწრაფოდ დასრულებას და ამტკიცებს, რომ არც ის და არც მისი გუნდის წევრები არ ყოფილან შეთქმული რუსეთის წარმომადგენლებთან და არ ჰქონიათ მათთან უკანონო კონტაქტები.

XS
SM
MD
LG