Accessibility links

ესტონეთის პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზს ბოროტების ხაზი უწოდა


კერსტი კალიულაიდი ეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. სოფელი ხურვალეთი, 2017 წლის 2 ნოემბერი

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში. პრეზიდენტები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებულ მავთულხლართებთან, თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ესაუბრნენ ხურვალეთის მკვიდრს, დავით ვანიშვილს, რომლის საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. კერსტი კალიულაიდმა დავით ვანიშვილს ხელი მავთულხლართებიდან გაუწოდა. ესტონეთის პრეზიდენტმა გამყოფ ხაზს ბოროტების ხაზი უწოდა. „შემიძლია გამოვიყენო სწორი დიპლომატიური ტერმინები და ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომ იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდი უშედეგო იყო, რომ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას და ვაგრძელებთ საკითხის შეძლებისდაგვარად ძლიერად წამოწევას. მაგრამ, მთავარი ხალხია, რომელსაც მავთულხლართების გამო ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვაზე. ხალხი, რომელსაც მავთულხლართების გამო არ შეუძლია ნათესავების მონახულება“ - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა. ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ გააცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება და რუკაზე უჩვენა ადგილები, რომლებიც დანარჩენი საქართველოსგან გაყოფილია საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართებითა და სხვა ბარიერებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG