Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი წევრები გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს


კარლეს პუჩდემონი
კარლეს პუჩდემონი

ბრიუსელის სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი მეთაური, კარლეს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი. პუჩდემონი და მისი თანამოაზრეები ბელგიის პოლიციას 5 ნოემბერს ჩაბარდნენ, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ გასცა მათი დაპატიმრების საერთო ევროპული ორდერი. ბრიუსელის პროკურატურის ინფორმაციით, კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილ წევრებს აეკრძალა ბელგიის ტერიტორიის დატოვება და ვალდებულნი არიან დაესწრონ ყველა სასამართლო სხდომას. მათი საქმე განსახილველად გადაეცა ბელგიის პირველი ინსტანციის სასამართლოს სათათბირო პალატას, რომელმაც 15 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს მადრიდის მიერ გაცემული, დაპატიმრების ორდერის აღსრულების საკითხი. 29 ოქტომბერს, ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილ მეთაურს, კარლეს პუჩდემონს და რეგიონული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს წაუყენა ოფიციალური ბრალდება, სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებისა და საბიუჯეტო თანხების ბოროტად გამოყენების მუხლებით. პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის 4 ყოფილი მინისტრი ბელგიაში მას შემდეგ გაიქცნენ, რაც ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივი პარლამენტის მიერ კატალონიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების გამო, ესპანეთის მთავრობამ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, ავტონომიური ოლქის მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

XS
SM
MD
LG