Accessibility links

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე იმსჯელებს


ევროპის საბჭო

დღეს, 8 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა, რომელზეც განიხილავენ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს, “კონფლიქტი საქართველოში.“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების შეზღუდვასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურება, ე.წ. საზღვრის გავლება და გამშვები პუნქტების დახურვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ეთნიკური ნიშნით შევიწროება. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. ის ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების ასახვას. კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოს სტუმრობს ევროპის საბჭოს სამდივნოს დელეგაცია. გენერალური მდივნის ანგარიში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მზადდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG