Accessibility links

საქართველოს მთავრობაში განხორციელდება საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახორციელა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. კერძოდ, თანამდებობები დატოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და განათლების მინისტრებმა. გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარადგინა გიორგი გახარია, ეკონომიკის მოქმედი მინისტრი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უხელმძღვანელებს მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. ფინანსთა მინისტრის პოსტს კი დაიკავებს მამუკა ბახტაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი. ამასთან მოხდა რამდენიმე უწყების რესტრუქტურიზაცია და გამსხვილება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო საგარეო დაზვერვა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდა. როგორც პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა 13 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო და ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. ამავე უწყებას შეერწყმება გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენ ნაწილს, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების სპორტის ნაწილი, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილს ის განათლების სამინისტროში გადავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ემსახურება უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, ეფექტური მართვი სისტემის ჩამოყალიბებასა და ბიუროკრატიის შემცირებას. ცვლილებათა პაკეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცებდა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG