Accessibility links

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „უცხოეთის აგენტი“ მასმედიის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების - „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. ამგვარად, კანონი ძალაში შედის. ამიერიდან მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, შესაძლოა აღიარებულ იქნენ „უცხოეთის აგენტებად“. სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი 15 ნოემბერს. ერთი კვირის შემდეგ კი იგი ფედერაციის საბჭომ მიიღო. რუსეთში უცხოური მედიასაშუალებების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რაშა ტუდეიმ, რომელიც რუსეთის მთავრობის ფინანსდება, განაცხადა, რომ შეასრულებს ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნას, აშშ-ში თავისი განყოფილება დაარეგისტრიროს, როგორც „უცხოეთის აგენტი“. ვაშინგტოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონი აშშ-ში საგრძნობლად განსხვავდება რუსეთის კანონისგან და არაფრით ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას. რუსეთის მიერ ახალი კანონის მიღებას გამოეხმაურა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, თომას კენტი: „ამ მომენტში არ შეგვიძლია ვარაუდების გამოთქმა იმის თაობაზე, თუ რა ზემოქმედება ექნება ახალ კანონს, ვინაიდან ჯერჯერობით კონკრეტულად არცერთი მედიასაშუალება არ დაუსახელებიათ „უცხოეთის აგენტად“ და არ გამოუცხადებიათ აკრძალვები, რომლებიც ასეთ ‘აგენტებს’ შეეხება. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა რუსულენოვანი აუდიტორიისათვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG