Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააკრიტიკა რუსეთის კანონი „უცხოეთის აგენტი“ მედიასაშუალებების შესახებ


ევროპის კავშირმა გააკრიტიკა კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რომლის ძალით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, შესაძლოა აღიარებულ იქნენ „უცხოეთის აგენტებად“. ევროკავშირის წარმომადგენელმა მაია კოსიანჩიჩმა 26 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს „კანონმდებლობა ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს“.

კოსიანჩიჩმა კანონს უწოდა „დამატებითი საფრთხე თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებებისთვის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის“. სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი 15 ნოემბერს. ერთი კვირის შემდეგ კი იგი ფედერაციის საბჭომ მიიღო. ამის შემდეგ რამდენიმე საათში იუსტიციის სამინისტრომ გაფრთხილება დაუგზავნა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ზოგიერთ სამსახურს.

წერილებში არ არის დაკონკრეტებული პოტენციური შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება დაუწესდეთ „უცხოეთის აგენტად“ აღიარებულ მედიასაშუალებებს. იმ მედიასაშუალებებს შორის, რომლებსაც შეიძლება შეეხოს ახალი კანონი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების გარდა არიან რადიოსადგური „ამერიკის ხმა“, ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ და გერმანული ტელეკომპანია „დოიჩე ველე“.

რუსეთის მიერ ახალი კანონის მიღებას გამოეხმაურა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, თომას კენტი: „ამ მომენტში არ შეგვიძლია ვარაუდების გამოთქმა იმის თაობაზე, თუ რა ზემოქმედება ექნება ახალ კანონს, ვინაიდან ჯერჯერობით კონკრეტულად არცერთი მედიასაშუალება არ დაუსახელებიათ „უცხოეთის აგენტად“ და არ გამოუცხადებიათ აკრძალვები, რომლებიც ასეთ ‘აგენტებს’ შეეხება“.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ განაცხადა, რომ კანონი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს რუსეთში მასმედიის თავისუფლებას, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის არ იქნება გამოყენებული ადგილობრივი მედიის მიმართ.

XS
SM
MD
LG