Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებულ მედიასაშუალებებს ადმინისტრაციულ სასჯელს უმზადებს


სახელმწიფო დუმის სხდომათა დარბაზი
სახელმწიფო დუმის სხდომათა დარბაზი

რუსეთის სახელმწიფო დუმას განსახილველად წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული მედიასაშუალებების საქმიანობის წესის დარღვევისთვის. კანონპროექტის თანახმად, „უცხოეთის აგენტი“ მედიასაშუალებების, ან მათ მიერ რუსეთში დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ საქმიანობის წესების პირველი დარღვევისთვის, ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 10 ათასი რუბლით, თანამდებობის პირები 50 ათასით, ხოლო იურიდიული პირები 500 ათასი რუბლით. ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 50 ათასი რუბლით, თანამდებობის პირები 100 ათასით და იურიდიული პირები ერთი მილიონი რუბლით. ყოველი შემდგომი დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირების 100 ათასი რუბლით დაჯარიმებას, ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას და თანამდებობის პირების 200 ათასი რუბლით და იურიდიული პირების 5 მილიონი რუბლით დაჯარიმებას. ახალი კანონი ძალაში უნდა შევიდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაცის საბჭომ 15 და 22 ნოემბერს მიიღეს კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებას აძლევს უცხოური მედიასაშუალებები გამოაცხადოს „უცხოეთის აგენტებად.“ 25 ნოემბერს, კანონპროექტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება დაახლოებით ორი კვირის წინ გააფრთხილა მისი საქმიანობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.

XS
SM
MD
LG