Accessibility links

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს შვეიცარიის პრეზიდენტი


საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრა. თბილისი, 2017 წლის 4 დეკემბერი

4 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და დორის ლოიტჰარდის შეხვედრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის წესრიგში იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის ანექსიური და პროვოკაციული ქმედებები, შვეიცარიის, როგორც შუამავლის განსაკუთრებული როლი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში და საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და დორის ლოიტჰარდს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შუამავლის უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დადებითი ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ფაქტობრივი ანექსიის, პროვოკაციებისა და აგრესიის მაგალითებია რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები, სოხუმში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნა და განცხადება ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შექმნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში სიტუაციის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა, საერთო სტრატეგია და ხედვა. საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და დორის ლოიტჰარდის პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის დელეგაციებმა. დორის ლოიტჰარდი თბილისს 3 დეკემბერს, საღამოს ეწვია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG