Accessibility links

არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებენ სახელმწიფო ღალატში


კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი

არგენტინის სასამართლომ სენატს მიმართა, დაპატიმრების მიზნით იმუნიტეტი ჩამოართვას ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, სენატორს, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერს. მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი, კერძოდ მცდელობა, დაემალა ირანის როლი ბუენოს-აირესის ებრაულ ცენტრში, 1994 წელს მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში. ამ აფეთქების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების მტკიცებით, არგენტინის პრეზიდენტობის პერიოდში, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა ირანის წარმომადგენლებთან შეთქმულებით დამალა მონაცემები ტერაქტთან თეირანის კავშირის შესახებ. გამომძიებელთა ვერსიით, დუმილის საფასურად ირანი დათანხმდა არეგენტინისთვის მომგებიან გარიგებას - ხორბლის სანაცვლოდ ნავთობის მიწოდებას. 7 დეკემბერს, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაცხადა, რომ ირანთან გარიგება იყო საგარეო პოლიტიკური აქტი და მისი სახელმწიფო ღალატად შეფასება აბსურდულია. დე კირშნერი არგენტინის პრეზიდენტი იყო 2007-2015 წლებში. სენატს 60 დღე აქვს იმისათვის, რომ გადაწყვიტოს მოუხსნის თუ არა ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან დამცავ იმუნიტეტს.

XS
SM
MD
LG