Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის წარმომადგენელი: არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მიიღოს ასადმა მონაწილეობა არჩევნებში


სირიის სამშვიდობო ინიციატივის საკითხებში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უნდა მიეცეს საშუალება კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი არჩევნებზე. ამ პოზიციას ეწინააღმდეგებიან დასავლეთის მთავრობები, რომლებიც თვლიან, რომ ომისშემდგომ, გარდამავალ პარიოდში ასადის ადგილი პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს. ალექსანდრ ლავრენტიევმა - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარმომადგენელმა საერთაშორისო მოლაპარაკებებში სირიის ომის შესახებ - ეს განცხადებები გააკეთა "ბლუმბერგ პრესთან", სტატიაში, რომელიც 12 დეკემბერს გამოქვეყნდა. ერთი დღით ადრე სირიას ესტუმრა პუტინი - მან გამარჯვება გამოაცხადა და რუსეთის ჯარის ნაწილობრივი გამოყვანის ბრძანება გასცა. მოსკოვმა ორი წლის წინ დაიწყო საჰაერო კამპანია ასადის მთავრობის დასაცავად და ხმელეთზეც გააძლიერა თავისი სამხედრო ოპერაციები. ლავრენტიევის განცხადების ფონია დასავლეთის მთავრობების მცდელობა შეჯერდნენ პირობებზე, რომელიც უზრუნველჰყოფს სირიის სამომავლო რეკონსტრუქციას და პოლიტიკიდან ასადის წასვლას - რომელსაც დასავლეთი ადანაშაულებს ასი ათასობით მოქალაქის სიკვდილში. ლავრენტიევის სიტყვები, სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ რუსეთი ეცდება გარდამავალი პერიოდი წაიყვანოს მიმართულებით, რომელიც მოსკოვს მაქსიმალურად შეუნარჩუნებს გავლენას ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაზე.

XS
SM
MD
LG