Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: შეხლა-შემოხლა იყო "პოროშენკოს თამაში და პროვოკაცია"


უკრაინის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს კიევში მის მომხრეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს, რომელშიც გაემიჯნა კიევში საკონცერტო დარბაზის ძალით დაკავების მცდელობას. სააკაშვილის თქმით, მას ამ შენობაში "მხოლოდ ორი ოთახის დაქირავება სურდა". სააკაშვილმა შეხლა-შემოხლას უწოდა "პრეზიდენტ პოროშენკოს თამაში და პროვოკაცია". უკრაინაში ბრიტანეთის და კანადის ელჩებმა ტვიტერით დაგმეს შენობის დაკავების მცდელობა. პოლიციამ ორი გამოძიება დაიწყო და აცხადებს, რომ შეტაკებებში პოლიციელები დაშავდნენ. კიევის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გავიდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნებით.

პოლიციის დიდი რაოდენობის ფონზე, დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში ჩაიარეს, დამოუკიდებლობის მოედნის მიმართულებით - ადგილის, სადაც 2013-2014 წლებში ერთთვიანმა საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის დამხობა მოიტანა. დემონსტრანტებიდან ბევრი ოპოზიციის ლიდერის და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო. მოგვიანებით დემონსტრანტებმა სცადეს შეჭრილიყვნენ საკონცერტო დარბაზში, რომელიც დამოუკიდებლობის მოედანთან მდებარეობს - მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მათ უთხრა, რომ იქ აპირებდა თავისი შტაბბინის ამოქმედებას, თუმცა საქმეში პოლიცია და სპეცრაზმი ჩაერთო და მათ არ მისცა შენობაში შეღწევის საშუალება. შენობის წინ უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დემონსტრანტებს სააკაშვილმა სიტყვით მიმართა და მოუწოდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და თავიდან აერიდებინათ "პროვოკაციები". უკრაინის პოლიციის განცხადებით, საკონცერტო დარბაზში ბავშვები იმყოფებოდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისგან.

XS
SM
MD
LG