Accessibility links

„წითელი ჯვრის“ მონაცემებით, იემენში მილიონს მიაღწია ქოლერით ინფიცირებულთა რიცხვმა


იემენის დედაქალაქი სანა: სახელდახელოდ მოწყობილი საავადმყოფო, რომელშიც მკურნალობენ, სავარაუდოდ, ქოლერით ინფიცირებულ პირებს

ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ აცხადებს, რომ მილიონს მიაღწია ქოლერით ინფიცირებულად მიჩნეულ პირთა რიცხვმა. ორგანიზაციამ 21 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეპიდემია კიდევ უფრო ამძიმებს „სასტიკი ომით მოცული ქვეყნის ტანჯვას“. ასევე „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, იემენის მოსახლეობის 80%-მდე საჭიროებს სურსათს, სასმელ წყალსა და სამედიცინო მომსახურებას. ვარაუდობენ, რომ აპრილიდან მოყოლებული, ქოლერამ შეიწირა 2200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ქოლერა არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია ქოლერის ვიბრიონი. იემენში სამი წელია გრძელდება მძიმე კონფლიქტი პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მთავრობასა და შიიტ მეამბოხეებს შორის. დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარებიან საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია და ირანი. გაეროს მონაცემებით, 8760-ს აღემატება კონფლიქტის შედეგად დაღუპელი, უმეტესწილად, სამოქალაქო პირების რიცხვი.

XS
SM
MD
LG