Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის პარლამენტში სეპარატისტები იბრუნებენ ძალაუფლებას


კატალონიაში 21 დეკემბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ადგილობრივ პარლამენტში ძალაუფლებას სეპარატისტები იბრუნებენ - რაც მძიმე პოლიტიკური დარტყმაა პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოიზე და ევროკავშირის ლიდერებზე, რომლებიც მას უჭერდნენ მხარს. დათვლილია თითქმის ყველა ხმა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, სეპარატისტული ორიენტაციის პარტიებმა მცირედი უპირატესობა მოიპოვეს კატალონიის პარლამენტში. ამგვარი შედეგის ფონზე, სავარაუდოდ, კიდევ გახანგრძლივდება პოლიტიკური დაძაბულობა, რომელმაც ესპანეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და რეგიონიდან ბიზნესების გასვლას მისცა ბიძგი. რახოიმ ვადამდელი არჩევნები დანიშნა წინა, სეპარატისტული მთავრობის დათხოვნის შემდეგ და იმედი ჰქონდა, რომ კატალონიის "ჩუმი უმრავლესობა" გადაჭრით ეტყოდა უარს სეპარატიზმს ამ არჩევნებში. მოულოდნელი შედეგი გზას უხსნის კატალონიის ახლა უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის ხელისუფლებაში დაბრუნებას. პუჩდემონი საარჩევნო კამპანიაში ბრიუსელიდან იყო ჩართული. სახელმწიფო პროკურორები მას ამბოხებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს და ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება. "ესპანეთის სახელმწიფო დამარცხებულია" - განაცხადა პუჩდემონმა სატელევიზიო გამოსვლაში და დასძინა - "ან რახოი შეცვლის რეცეპტს, ან ჩვენ შევცვლით ქვეყანასო". არჩევნების შედეგმა მღელვარება გამოიწვია გლობალურ ბაზრებზე და ევროს ღირებულების კლებას მისცა ბიძგი. წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ სეპარატისტებს უმრავლესობის შესაქმნელად ხმები არ ეყოფოდათ.

XS
SM
MD
LG