Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: კიევი „ავრცელებს ცრუ ინფორმაციას", თითქოს სააკაშვილი უკრაინის დატოვებას აპირებდეს


„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილს სურდეს უკრაინის დატოვება. ამ საკითხზე დეკანოიძემ ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან 22 დეკემბერს - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ნიდერლანდის ვიზა მისცეს. დეკანოიძის თქმით, სააკაშვილი ვერ მიიღებდა ვიზას, რადგან მას არ აქვს პასპორტი. „გარდა ამისა, მას უპრობლემოდ შეუძლია მიიღოს ჰოლანდიის მოქალაქეობა, რადგან მისი მეუღლე არის ჰოლანდიიდან, მის შვილებს აქვთ ჰოლანდიური პასპორტები და რეალურად, მას დაუბრკოლებლად შეეძლო მიეღო ჰოლანდიის მოქალაქეობა, ისევე როგორც შეთავაზება იყო ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისგან, რომ მას მიეღო მოქალაქეობა, ასევე სამუშაო ვიზა. ის ინფორმაცია, რასაც ავრცელებს უკრაინის ხელისუფლება, არის მხოლოდ და მხოლოდ იმის მცდელობა, რომ უკრაინელი ხალხი დაარწმუნონ, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს ვითომდა ქვეყნის დატოვებას“, - ამბობს ხატია დეკანოიძე. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდის უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია სააკაშვილზე ვიზის გაცემის შესახებ. ეს ინფორმაცია 21 დეკემბერს გაავრცელა ნიდერლანდის გამოცემა „დე ტელეგრააფმა“. თავად სააკაშვილის თქმით, მას ნიდერლანდის ვიზა არ სჭირდება. უკრაინის ტელერახ News One-თან ინტერვიუში, შეკითხვას, მიიღო თუ არა ვიზა, მიხეილ სააკაშვილი უპასუხა, რომ ვინაიდან მისი ოჯახი ჰოლანდიიდანაა, მას ავტომატურად აქვს უფლება ამგვარ ვიზაზე. იქვე სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არ ფლობს არც ერთი ქვეყნის მოქმედ პასპორტს. გამოცემა „დე ტელეგრააფის“ ცნობით, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიზა მიიღო „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე, რადგან დაქორწინებულია ნიდერლანდის მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მეუღლეებს ორი შვილი ჰყავთ.

XS
SM
MD
LG