Accessibility links

კარლეს პუჩდემონი ითხოვს ესპანეთში დაბრუნების უფლებას


კატალონიის სეპარატისტი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობას მოუწოდებს მას მისცეს ქვეყანაში დაბრუნების უფლება, ისე, რომ მან მოასწროს კატალონიის პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება და დაიწყოს მუშაობა რეგიონის პრეზიდენტის პოსტზე. "მსურს კატალონიაში რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე. ახლავე მინდა დავბრუნდე. ეს ესპანეთისთვის იქნება კარგი" - უთხრა პუჩდემონმა სააგენტო როიტერსს ინტერვიუში, რომელიც 23 დეკემბერს გამოქვეყნდა. პუჩდემონი კატალონიის ლიდერი ოქტომბრამდე იყო, შემდეგ კი მან ესპანეთი დატოვა და ახლა მას ესპანეთში პატიმრობა ემუქრება იმ როლისთვის, რომელიც მან დამოუკიდებლობის უკანონო რეფერენდუმის გამართვაში შეასრულა და კატალონიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებისთვის. ამჟამად ის ბელგიაში იმყოფება. 21 დეკემბერს ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა, მცირედი უპირატესობით, სეპარატისტულმა პარტიებმა მოიპოვეს. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია შეძლებენ თუ არა პუჩდემონი და სხვა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლიდერები დაესწრონ სხდომას, რომელიც, ყველაზე გვიან, 23 იანვარს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG