Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა პანკისში აყვანილ სამ პირს


თბილისისა საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დახურულ სასმართლო პროცესს მხოლოდ ბრალდებულების - რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი დაკავებულის, ზურაბ გორნაკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უფრო ადრე გაიმართა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით ასევე შეუფარდეს პატიმრობა. საქართველოს უსაფრთოხების სამსახურმა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი, თემირლან მაჩალიკაშვილი, მძიმედ დაიჭრა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. იუწყებიან, რომ დაჭრილს თელავის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანენ.

XS
SM
MD
LG