Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვა გააკეთა საოკუპაციო ზოლთან


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 31 დეკემბერს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და იქ მავთულხლართს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს პირადად მიულოცა ახალი წელი. „რუსმა ოკუპანტმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლო უაზრო მავთულხლართი და ჩვენი ქვეყანა დროებით გაჭრა თუმცა, როდესაც აქ ჩამოვდივარ, მომავლის იმედი და განცდა მეუფლება, რომ ეს მავთუხლართი აუცილებლად იქნება აღებული და იქნება აღებული მშვიდობით და საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებით”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა პანკისის ხეობაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას, რომელსაც მღელვარება მოჰყვა ადგილობრივ ქისტებში, ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მძიმედ დაჭრის გამო. პრეზიდენტის თქმით, სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს. 26 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობასა და თბილისში დააკავეს 5 პირი, რომლებსაც ბრალად ედება 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას განეიტრალებული ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობა.

XS
SM
MD
LG