Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების წლად გამოაცხადა 2018 წელი


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების წლად გამოაცხადა 2018 და მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან, სადაც 1918-ში გამოაცხადდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა. მარგველაშვილმა „უზენაესი მიზანი“ უწოდა აფხაზებთან და ოსებთან ერთად „ერთიანი, მთლიანი“ საქართველოს შექმნას. მანვე ხაზი გაუსვა უფრო ეფექტიანი განათლების სისტემის მეშვეობით "უფრო ძლიერი ახალი თაობის" გაზრდის, აგრეთვე ერთმანეთის განსხვავებულობის მიღების მნიშვნელობას. „ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა“, დასძინა პრეზიდენტმა. 2018 წელს აღინიშნება საქართველოს ტერიტორიაზე პირველი რესპუბლიკის, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნის მე-100 წლისთავი. 1918 წლის 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (ამჟამად მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში) გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელზეც ერთხმად დაამტკიცეს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

XS
SM
MD
LG