Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი როჰანი საპროტესტო გამოსვლებში ხედავს შანსს ირანში არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები იძლევა ქვეყნისათვის მტკივნეულ პრობლემებზე მუშაობის შანსს. ანტისამთავრობო აქციები, რომელთა მსვლელობაშიც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მიჩნეულია ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციებად მას შემდეგ, რაც 2009 წელს პროტესტი და არეულობა მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას. როჰანიმ საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უკვე ხუთდღიანი საპროტესტო აქციები გამოწვეულია არამარტო ეკონომიკური პრობლემებით, არამედ მეტი თავისუფლების სურვილითაც. ირანის ხელისუფლება ცდილობს, ჩაახშოს პროტესტი, რომელსაც ასობით ახალგაზრდა ირანელი გამოხატავს ანტისამთავრობო ლოზუნგებითა და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პლაკატების დახევით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ, როგორც საპროტესტო გამოსვლები ცხადჰყოფს, ირანი „ყველა სფეროში“ წარუმატებელია და რომ „დადგა ცვლილების დრო“. რუსეთის საგარეო უწყებამ 1 იანვარს გააკეთა განცხადება, რომელშიც „ირანის საშინაო საქმე“ უწოდა არეულობას. ირანის ტელევიზიამ 1 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა საპრტესტო გამოსვლების მსვლელობაში.

XS
SM
MD
LG