Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სახელმწიფო ტელევიზია მთავრობის მომხრეთა დემონსტრაციების შესახებ იტყობინება


მთავრობის მომხრე ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა ირანის ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში
მთავრობის მომხრე ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა ირანის ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ მთავრობის მომხრე ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა ირანის ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში. ეს გამოსვლები მოჰყვა რამდენიმე დღიან საპროტესტო აქციებს, რომელთა დროს შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. ირანის ინგლისურენოვანმა სახელმწიფო ტელეარხმა, „Press TV”-მ, პირდაპირ ეთერში გადასცა სამი იანვრის დემონსტრაციის კადრები. მთავრობის მომხრეებს ხელში ეჭირათ ირანის დროშები და პლაკატები ხელისუფლების მხარდამჭერი ლოზუნგებით. ტელეარხმა გადასცა კადრები აჰვაზში, ქერმანშაჰსა და გორგანში გამართული დემონსტრაციების შესახებ. მათი მონაწილეები გმობდნენ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 28 დეკემბრის შემდეგ გამართულ ანტისამთავრობო აქციებზე, რომელთა დროსაც, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს „ადამიანების სიცოცხლის უაზრო დაკარგვა“ და ასეულობით პირის დაკავება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანმა უფლება უნდა მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს თავისუფლად გამოხატონ უკმაყოფილება და მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა. სხდომის თარიღი დადგენილი არ არის. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამნეიმ „ირანის უცხოელ მტრებს“დასდო ბრალი „ანტისამთავრობო დემონსტრაციებისკენ წაქეზებაში“. ირანის მთავრობამ ანტისამთავრობო გამოსვლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, დაბლოკა სოციალური მედიის ვებსაიტები. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, უარყო ირანის ხელისუფალთა ბრალდება, რომ საპროტესტო გამოსვლები გარე ძალების მიერ იმართება.

XS
SM
MD
LG